logo
ENG



"უკვე ნამყოფი ვარ აშშ-ში, კარგი ქვეყანაა" - ლილუაშვილი კითხვაზე, ემუქრება თუ არა სანქციები

06 აპრ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ "აბსოლუტურად ეთანხმება" საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის წერილს, რომელიც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგზავნა. 

"ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას", - თქვა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა თავად ლილუაშვილი, რომ ემუქრება სანქციები, ის აცხადებს: "არა მგონია, რომ მემუქრებოდეს".

"უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება", - ამბობს ლილუაშვილი. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.

 


close დახურვა